Dali Chitadze დალი ჩიტაძე

* 1934

  • „მე სულ რაღაც ზღაპრებს ვთხზავდი და ამის [იმის, რომ მამა ცოცხალი იყო] მჯეროდა. დედა რომ მიდიოდა, ეუბნებოდნენ, რომ გადასახლებული იყო 10 წლით მიმოწერის უფლების გარეშე და ზუსტად რომ გავიდა 10 წელი, [ცნობის მიხედვით] გარდაიცვალა. ვინმე ტარასი მასხულიამ დედას შემოუთვალა, რომ ფინეთის საზღვარზე საავადმყოფოს სიაში ნახა ადამიანი ამ სახელითა და გვარით. ენტეროკოლიტი, რომელიც დიაგნოზად ეწერა, ფილტვების ანთებასთან ერთად მეტალურგებს ხშირად აქვთ - ჩვენც გვჯეროდა, რომ მაშინ კარელია-ფინეთის მეტალურგიული ცენტრი შენდებოდა და იქ იყო. ბოლო წუთამდე რაღაც ზღაპრები მქონდა თავში“

  • „დედა ამბობდა, ისეთი ბედნიერი ვიყავი ზესტაფონში, სულ მეშინოდა რომ რაღაც მოხდებოდაო. საზოგადოებაც ასეთი იყო შეკრებილი, თუმცა შემდეგ ნოე კალანდაძე (დირექტორი ქარხნის) დახვრიტეს, ილიკო ნიჟარაძე დახვრიტეს. აქ მამაზე (სამეულის სხდომის ოქმში) წერია საშინელი სიტყვა „Расстрелять“. მამა დაადანაშაულეს, რომ გერმანიის ჯაშუში იყო, იმიტომ, რომ მამას ელექტრომეტალურგის განათლება ჰქონდა და მას მონტაჟს უკეთებდა სახელგანთქმული ფირმა სიმენსი. მამა ფრანგულს ძალიან კარგად ფლობდა, დედას ეუბნებოდა ხოლმე, მე ფრანგულად ვფიქრობ და შემდეგ ვთარგმნი ქართულადო. როგორც ფრანგულის ერთადერთი მცოდნე, ძალიან ეხმარებოდა სიმენსს. მაშინ (როცა დააპატიმრეს) ბებიასთან ვიყავი შემოქმედში, სამი წლის ვიყავი, ერთადერთი მამას მხოლოდ შარვალი და ფეხი მახსოვს ბუნდოვნად“

  • „მაყვალა მრევლიშვილს ბებიაზე უწერია - სათნო და წყნარი, რომელსაც ძალიან უყვარდა ქმარიო, მაგრამ ძალიან რთული სიტუაცია შეიქმნა: შიო მოკლეს, დარჩა სამი ბავშვი, ქართული არ იცოდა, სახლი ფაქტობრივად არ ჰქონდა და სახსრებიც არ ჰქონდა. მკვდარი ქმრის ხელფასს არავინ გადაუხდიდა. არ ვიცი ამდენი იფიქრა თუ არა, მაგრამ გამოჩენილი ჟურნალისტი ბუხნიკაშვილი წერდა, რომ საფლავზე ხშირად ხედავდნენ შავებში ჩაცმულ ქალს სამ ბავშვთან ერთად, რომელიც არ მოთქვამდა და სახეს არ იხოკავდა, თუმცა მიცვალებულ ქმარს ელაპარაკებოდა. შემდეგ მოითხოვა სახლის ნახვა, ჯარისკაცებმა კი შეიყვანეს არეულ სახლში, საიდანაც წავიდა ქვიშხეთში ბავშვებთან, თუმცა თავს ვერ მოერია - მას იმედი ჰქონდა, რომ ბავშვებს მული გაზრდიდა და საწამლავი დალია.“

  • „1906 წელს ტერორისტი შეპარულა გიმნაზიაში, ფანჯარაში თუ სხვენზე მოუწყვია იარაღი და პოლიცმეისტერისთვის უსვრია. ის ფეხში დაიჭრა, მაგრამ შეიარაღებული კაზაკები მაინც შეიჭრნენ სკოლაში, რომელშიც სხდომა იმართებოდა, მათ შიო შემოხვდა და ჰკითხა, რა უნდოდათ, მაგრამ ხიშტებზე წამოაგეს... იმიტომ, რომ შიო სკოლის ინსპექტორი იყო და ბომბი მისი შენობიდან გადმოაგდეს, ფაქტობრივად, ტერორისტობა დაბრალდა. ეგ ამბავი საერთოდ არ გარკვეულა, მიუხედავად იმისა, რომ მაშინდელი გაზეთები სავსეა ამ ამბის შესახებ ცნობებით. მამა მაშინ 5 წლის იყო, დიდი დაკრძალვა მოუწყვეს, მთელი ქალაქი მოატარეს მიცვალებულს, რა დროსაც ბავშვები აგარაკზე იყვნენ ქვიშხეთში.“

  • Celé nahrávky
  • 1

    Tbilisi, 06.07.2023

    (audio)
    délka: 51:08
    nahrávka pořízena v rámci projektu Shared Memories - Visegrad and South Caucasus
Celé nahrávky jsou k dispozici pouze pro přihlášené uživatele.

„ხალხის მტრის“ ქალიშვილი

Dali Chitadze, 2023
Dali Chitadze, 2023
zdroj: Natáčení

დალი ჩიტაძე დაიბადა 1934 წელს თბილისში, ვასილ ჩიტაძისა და ქსენია სადრაძის ოჯახში. მამამისი, ვასილ ჩიტაძე ქართული მეტალურგიული წარმოების ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1937 წელს სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. დალი ჩიტაძის ბაბუის, შიო ჩიტაძის, მკვლელობა მე-20 საუკუნის დასაწყისის საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმედ იქცა. უცნაურია, თუმცა დალი ჩიტაძეს გარშემომყოფებისგან არასდროს უგრძნია, რომ „ხალხის მტრის“ შვილი იყო. მეტიც, მისი თქმით, როცა ადამიანები იგებდნენ, რომ ის შიო ჩიტაძის შვილიშვილი და ვასილ ჩიტაძის შვილი იყო, უკეთ ექცეოდნენ. 1957 წელს ოჯახმა მიიღო დოკუმენტი, რომლის თანახმადაც ვასილი არ დაუხვრეტიათ და ის სინამდვილეში 1946 წელს ენტეროკოლიტით გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, დალი ჩიტაძე დარწმუნებულია, რომ ეს ცნობები მცდარი იყო და მამამისი 1937 წელს მართლაც დახვრიტეს. მიუხედავად წარსულისა, დალი ჩიტაძეს საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა. 1958 წლიდან პენსიაზე გასვლამდე დალი „თბილქალაქმშენის“ თერმული ინჟინერიის განყოფილებაში მუშაობდა. დღესდღეობით ის ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ოჯახის რეპრესიების ისტორიაზე იშვიათად საუბრობს.