1951 წლის 25 დეკემბერს, შობის დღეს, გათენებისას გაისმა კარებზე და ფანჯრებზე კაკუნი. შემოვარდა ოთხი, ამათგან ორი შეიარაღებული პიროვნება. როგორც უფროსები ყვებოდნენ მათგან ორი იყო ეგრეთწოდებული სახმართველობიდან, ერთი მილიციელი და მეოთხე იყო სამხედრო, რაღაც წოდების... არვიცი. დედა, ქეთევან კალანდაძე, დაბნეული დარბოდა და თავის ნივთებს ალაგებდა. იგი ფიქრობდა, რომ მას აპატიმრებდნენ, როგორც დახვრეტილი მეუღლის, ასე უწოდებდნენ მაშინ, „დახვრეტილი მამების“ ცოლს. რუსმა სამხედრომ წაგვიკითხა :
- გულნარა ჟღენტი, ევგენია კალანდაძე, გრიგოლ კალანდაძე, ქეთევან კალანდაძე, გულნაზი გორგილაძე, გივი გორგილაძე.
ამ გვარებზე შეჩერდა და იკითხა:
- кто они такие?
დედამ უპასუხა:
-ჩემი შვილები არიან.
მან ჩაილაპარაკა:
-но причем они…
ეს ყველაფერი ვიცი შემდეგ დეიდის და დედის მონაყოლიდან. თქვენ ყველანი მოემზადეთ და ადგილზე, რომ მიხვალთ იქ გაერკვევით რისთვის გასახლებენო. დრო მოგვცეს ერთი საათი, ჩვენ ვერც კი მოვასწარით გვეჭამა ბებიაჩვენის გამომცხვარი საშობაო ღვეზელი.
გარეთ გამოგვიყვანეს ჩაგვსვეს ეგრეთ წოდებულ „გრუზოვიკში“ - ღია სატვირთო მანქანაში. 75 წლის ფეხმოტეხილი ბებია, რომელიც ჯოხით გადაადგილდებოდა ჩასვეს მანქანის კაბინაში. დანარჩენები ზევით მოათავსეს. იმ ღამეს ბიძა არ იყო სახლში და როდესაც გაიგო ჩვენი ამბავი, მოგვაკითხა ნავთლუღში. მას შეეძლო არ გამოჩენილიყო, მაგრამ უთქვამს ქალებს მარტო ვერ დავტოვებო. გამოვედით მელიქიშვილზე. გვყავდა ძაღლი-ბობიკა, რომელიც ძალიან დიდ მანძილზე ყეფა ყეფით მოგვსდევდა. გზადაგზა გვხვდებოდა მანქანები ზედ მსხდომი ჩვენნაირი ადამიანებით. ისმოდა ნაცნობების ხმები. მიგვიყვანეს ნავთლუღის სადგურში.
მატარებელი რომ გაჩერდა ჩვენ გამოვედით გარეთ, ახლა ტუალეტში ხომ გვინდოდა, აბა ქალებო აბა ბავშვებო დაიძახებდნენ და ჩვენ ჩამოვდიოდით, მამაკაცები იდგნენ ზურგით. მერე ჩვენ რომ ავიდოდით მამაკაცები ჩამოდიოდნენ, მერე იყვრებდნენ ‘ვაგონებში’ და ამოვდიოდით ყველანი ვაგონებში და ასე ვაგრძელებდით გზას. დეიდაჩემს არ ვიცი საიდან ქონდა რუკა, სულ იყორებოდა ამ რუკაში, რამოდენიმე დღის მგზავრობის შემდეგ იყვირა „უი, ჩვენ კასპიის ზღვას შემოვუარეთ, ესე იგი ყაზახეთში მივყავართ, ყიზიყუმის უდაბნოში“ მაშინ საბჭოთა კავშირში ხდებოდა ყიზიყუმის და ყარაყუმის უდაბნოების ათვისება და დასახლება.
ერთ დღეს სკოლაში რომ ვიყავი, ხმამაღლა მოლაპარაკიდან გავიგეთ რომ სტალინი გარდაიცვალა, მახსოვს ზოგი ტიროდა, სახლში რომ მივედი ყველანი ზეიმობდნენ, ახლა კი გვეშველებაო, მას შემდეგ ბერია მიჰყვა. რა თქმა უნდა ჯერ განთავისუფლებული არ ვიყავით. დედაჩემი გადმუდმებით წერდა წერილებს მოსკოვში.
50-იან წლებში ყაზახეთი ძალიან ჩამორჩენილი იყო, სპეციალისტები არ ჰყავდათ, ჩვენთან კი ყველა დარგის პეციალისტები იყვნენ. ისინიც ყველა წერდა წერილებს, დადებითი პასუხები მოდიოდა. დედაჩემი ალმაატაში იყო ხანდახან. ნუ რასაკვირველია არ ქონდა მაგის უფლება. არ ვიცი როგორ მოხდა რომ, დეიდა თინა ქარუმიძე რომელიც რესტავრატორი იყო და ხელოვნების მუზეუმში მუშაობდა თურქმენისტანში წაიყვანეს ცნობილი მეჩეთის რესტავრატორად. დედა კი მთავარ ექიმად. იქ ტუბერკულოზით ბევრი იყო დაავადებული და „ ემვედეს“ უფროსს მკურნალობდა. მან ბოლოს უთხრა რით გადაგიხადოთ ეს, რითი გცეთ პატივიო. დედაჩემი მოუყვა ჩვენს ამბავს, თხოვა ჩემთვის პასპორტი გაეკეთებინა. ასე ჩამოვედი ტაშკენტში. ეს იყო 1954 წელი და ჩვენები ჩვენები ჩამოვიდნენ წლის ბოლოს, დეკემბერში.
ვინც ვერ იღებდა გზავნილებს, ყველანი ერთმანეთს ვუნაწილებდით, პატივს ვცემდით ერთმანეთს
გულნარა გორგილაძე დაიბადა 1936 წ. თბილისში. იგი სულ პატარა იყო როდესაც მამამისი როგორც საბჭოთა კავშირის წინაამღდეგ მებრძოლი, გასამართლეს და დახვრიტეს. გულნაზი 15 წლის გახლდათ როდესაც მის სახლში ფორმიანები შემოიჭრნენ და გადასახლების ცნობა წარუდგინეს მის ოჯახს, ბებიას, დედას, დეიდას, ბიძას, მას და მის ძმას. გადასახლების მიზეზი კი ემიგრაციაში მყოფი ბიძამისი გახლდათ, რომელიც საბჭოთა კავშირში დაბრუნებას არ აპირებდა. მეორე ბიძას, რომელსიც იმ დროს სახლში არ იმყოფებოდა, შეეძლო დახსნოდა გადასახლებას, მაგრამ მან თქვა :‘‚მე ქალებს მარტო ვერ გავუშვებ“ და გადაწყვიტა მათთან ერთად წასულიყო, თუმცა არავინ არ იცოდა სად. 2 კვირიანი სამგზავრო მატარებელში მგზავრობის შემდეგ, ისინი ყაზახეთში, ყიზიყუმის უდაბნოს მიადგნენ. მათთან ერთად უამრავი ოჯახი იმყოფებოდა რომელთა შორის ბევრი ნაცნობი ერია. ისინი ერთმანეთს ეხმარებოდნენ, უზიარებდნენ სარჩო-საბადებელს და გამოგზავნილ ამანათებს. 15 წლის გულნარა ცლდილობდა მაქსიმალურად დახმარებოდა ქვრივ დედას, იგი მუშაობა, სწავლობდა და ამავდროულად სხვა ბავშვებთანაც აქტიურად ურთიერთობდა. 1954 წელს როდესაც გულნარა დაბრუნდა საკუთარ სახლში იგი უკვე სულ სხვა ადამიანი იყო, მან ხომ ბავშვობის ყველაზე კარგი წლები 15-18 წელი გადასახლებაში, უდაბნოში გაატარა.